ბათუმში ინტერნეტით ნარკოტიკის გაყიდვის სქემაში ჩართული პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1990 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავა.

„გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირი ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა ნარკოტიკს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ვიდეოგადაღებას ახდენდა”, – წერს შსს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 7 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მცირე ზომის სასწორი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.