შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკას ამკაცრებს. მათივე თქმით, ამ მიზნებისთვის მათ შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავეს.
ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 2 ახალი მუხლი:
„2861 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის შემთხვევაში. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე სხვა კიბერდანაშაულებისათვის.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატემა 2862 მუხლი, რაც ყალბი კომპიუტერული მონაცემის შექმნისთვის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
შსს-ს ცნობით, ცალკე დამამძიმებელ გარემოებად გამოიყოფა კიბერდანაშაულის ჩადენა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი სტატისტიკა. მათი თქმით, დამნაშავეთა მხრიდან მუდმივად იხვეწება დანაშაულის ჩადენის ხერხები და მეთოდები, რაც სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომელიც ერთი მხრივ, უპასუხებს კიბერდანაშაულის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.