„არის ოროსანი სტუდენტის არგუმენტი მოყვანილი, თითქოს, სააპელაციოს არ შეეძლო, განეხილა ჩვენი საჩივარი, რამდენადაც კანონი ასეთის პირდაპირ შესაძლებლობას არ იძლევა. ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ანალოგიის წესის გამოყენებაზე და ბრალდებულის შელახული უფლებების აღდგენაზე“, – ასე შეაფასა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. გადაწყვეტილების შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
ადვოკატის განმარტებით, მათ შუამდგომლობაში მითითებული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი სტანდარტი, რომ მინიმუმ ორგზის, ორ ინსტანციაში უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა პირს, რომ გადაწყვეტილება გადაიხედოს.
ადვოკატი ამბობს, რომ ჩნდება შეკითხვა: „სააპელაციოსთვის თუ მკაფიო და ნათელი იყო, რომ შუამდგომლობის განხილვა არ შეეძლო სააპელაციო სასამართლოს, 3 დღე რაში დასჭირდათ?“
მისი თქმით, ისინი ელოდებოდნენ პოლიტიკური ნების ფორმირებას, რა გადაწყვეტილებას შეუკვეთდნენ მოსამართლე გოგინაშვილს.
„საუბარი იმაზე, რომ „ოცნებას“ რა გამოსავალი დარჩა, დღესვე შეუძლია პროკურატურას, იშუამდგომლოს ჩახნაშვილთან, რომელიც არის ყურმოჭრილი ყმა ხელისუფლების და მოსთხოვოს აღკვეთი ღონისძიების გაუქმება და ის გააუქმებს. არსებობს შესაძლებლობა, ჩვენ რომ დავაყენოთ შუამდგომლობა ჩახნაშვილთან, მისი განხილვის ვალდებულებაც აქვს. ჩვენ ყველას გვესმის, რომ პოლიტიკურ ნებაზეა ეს დამოკიდებული და ეს ნება ამ ეტაპზე ხელისუფლებას არ აქვს“, – განაცხადა ბასილაიამ.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი წარმოებაში მისაღებად დასაშვებად არ ცნო. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ადვოკატები გიორგი კონდახიშვილი, ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი ასაჩივრებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ.
ადვოკატებს მოლოდინი არ ჰქონდათ, რომ მოსამართლე მათ საჩივარს დასაშვებად ცნობდა. ისინი ამბობენ, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილებებს არა სასამართლოში, არამედ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში იღებენ.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
ნიკა მელიას საქმე:
12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.
ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.
ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.
სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.
შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო.