„ქართულ ოცნებასთან“ საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქტივისტები TV პირველთან დაკავშირებით სასამართლო განჩინებას აპროტესტებდნენ.

მათ მიიტანეს ბანერები წარწერით: „ხელები შორს TV პირველისგან“; „ბერას პუდელი პრემიერი“ და ა.შ. მათ ასევე მიიტანეს სათამაშო პუდელი, რომლის დატოვებაც ოფისში უნდოდათ. ამის უფლება აქტივისტებს პოლიციამ არ მისცა.


სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს და მიღებულ დოკუმენტსაც აქვეყნებს.

„განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურამ მოითხოვა არა ის აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, არამედ რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს“, – ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეთუნა ინწკირველი.

როგორც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამბობს, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე. „ჩვენი მოვალეობაა, ჟურნალისტების, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი“, – ამბობს ის.