შეთანხმება კომპრომისებზე წასვლას ნიშნავს და კომპრომისი ეკუთვნის ორივე მხარეს | სამნიძე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან სალომე სამადაშვილის, აკაკი მინაშვილისა და ხათუნა სამნიძის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს.

სალომე სამადაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ადრეა იმის პროგნოზი თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან. „პირველი რიგში მინდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩეველს და ქართველს ხალხს – მინდა დავარწმუნო ყველა მოქალაქე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ შეთანხმების შედეგად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა.“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის შეფასებით, შეხვედრა პროდუქტიული იყო.

„იყო პროდუქტიული იმ თვალსაზრისით რომ კონკრეტიკაზეც შევძელით საუბარი, მაგრამ არ შემიძლია ვისაუბრო დეტალებზე. მე ვარ პოზიტიურად განწყობილი, რაც ნიშნავს შეთანხმებას და კომპრომის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. შეთანხმება ნიშნავს კომპრომისებზე წასვლას და კომპრომისი ეკუთვნის მოლაპარაკების ორივე მხარეს.“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, როდესაც ფასილიტაციის ფორმიდან მოლაპარაკებების პროცესი მედიაციის ფორმატზე გადავიდა ეს ნიშნავს პარტნიორების მხრიდან პირდაპირ ჩართვას მოლაპარაკებების პროცესი, რაც მათი წინადადებებისა და მოსაზრებების ჩართვასაც გულისხმობს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის მოწოდებული იქნება, ჩვენი მოსმენის შემდეგ, წინადადებები ევროკავშირიდან. დანიელსონი აქ ამისთვისაა, რომ მათ ჰქონდეს როლი იმაში რომ გამოსავალი შემოგვთავაზონ. დღევანდელი შეხვედრა ამით არის წინსვლა, რომ ჩვენ კონკრეტულ წინადადებებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ შესაძლებლობებზე რაზე შეიძლება წავიდეს ოპოზიცია და ვისმენთ რას ფიქრობენ ჩვენი პარტნიორები. ჩვენ არ ვიცით ხელისუფლების წარმომადგენელთა წინადადებები. კიდევ იქნება შეხვედრები, რომ საბოლო შეთანხმება შედგეს და რა თქმა უნდა მხარეები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს და ვთქვათ, რომ შეთანხმებამდე მივედით საჭიროა ორივე მხარე შეხვდეს ერთმანეთს და გვაქვს მოლოდინი რომ დღის განმავლობაში ასეთი შეხვედრა იქნება.“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამ წუთებში შეხვედრა სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან იმართება. მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვედრა ისევ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან უნდა გაიმართოს. დღის ბოლომდე, სავარაუდოდ,  ერთობლივი შეხვედრა უნდა გაიმართოს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.