ვეგანური საკვების არმიწოდების გამო ყოფილი პატიმარი სასამართლოში ჩივის - საია

პუბლიკა

ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის გამო ყოფილი პატიმარი სასამართლოში სამინისტროებსა და ციხის ადმინისტრაციას უჩივის, – საიას ცნობით, მსოფლმხედველობის გამო დისკრიმინაციის საქმის ზეპირ განხილვას სასამართლო ხვალ, 18 მარტს იწყებს.

„მოსარჩელე არის ვეგანი და იკვებება მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. 2019 წელს იგი მოთავსებული იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში. ციხეში მოხვედრისთანავე, მან აცნობა ადმინისტრაციას ამის შესახებ და ითხოვა სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა. მიუხედავად თხოვნისა, მას არ მიეწოდა საჭირო საკვები, რადგან ადმინისტრაციის განმარტებით, არც სპეციალური საკვები ჰქონდათ ვეგანებისათვის და არც მზარეული ჰყავდათ, რომელიც მოამზადებდა ვეგანურ საკვებს.

ამასთან, ვეგანური პროდუქტები ადგილობრივ მაღაზიაში არ იყო ხელმისაწვდომი. შედეგად, პატიმარს ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვების მცირე ნაწილის მიღება შეეძლო და მთელი დროის განმავლობაში უწევდა იმაზე ბევრად ნაკლები საკვების მიღება, ვიდრე ნორმაა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ღებულობდა სპეციალურ საკვებს, მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. 

მოსარჩელე დავობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, იგი იყო ადმინისტრაციის მხრიდან მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვეპლი, რის გამოც იგი ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

აღნიშნულ საქმეში მოპასუხეებს წარმოადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულება.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არამხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი”, – ნათქვამია განცხადებაში.