პროკურორი ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის გამოკითვაზე: „ვინ თქვა, რომ არ დავკითხავთ?“

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „TV პირველის“ საინფორმაციო სასმახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის გამოკითხვა დასრულდა.

ნოდარ მელაძის განცხადებით, პროკურატურა ცდილობს, გაარკვიოს, ვინ არის წყარო და კითხვებსაც ამის შესახებ სვამდნენ.

ნოდარ მელაძის უფლებადამცველის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, გამოძიება უნდა დაწყებულიყო შინაარსთან დაკავშირებით და არა ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე.

საქმის პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე ამბობს, რომ ჩანაწერის შინაარსზე გამოძიების დაწყება მას შემდეგ განიხილება, რაც ტელეკომპანია ჩანაწერებს გადასცემს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა, პროკურორი პასუხობს „და ვინ თქვა, რომ არ დავკითხავთ? ყველას დავკითხავთ, ვინც საქმეს ეხება“.


„TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

საქართველოს პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 9 მარტს დაიწყო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ  პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება 11 მარტს მისცა.