გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს

პუბლიკა

ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს.

გოგი წულაია თავის წერილში საზოგადოებას, პოლიტიკოსებს მხარდაჭერას სთხოვს.

„ჩემო მეგორებო და მხარდამჭერებო მოგესალმებით გლდანის ციხის, საკარანტინე კორპუსის 61 საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია!

პირველ რიგში რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენია.

ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ, რომ საქართველო სასამართლიანი სასამართლო არ არებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა ) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ მე შემხვდა პატიოსანი უმწიკლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?

არ ვიცი, ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს.

ჩემო მეგობრებო, ადამიანებო რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ, თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ, გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას, “- წერს ის.


19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკოს გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, ბრალდება არ ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას და საქმეში არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის, „ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული“.

გოგი წულაია 17 მარტს ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს პროკურატურამ მას ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირა. გამოძიება პოლიტიკოსს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ადანაშაულებს (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურის ვერსიით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც დაზარალებულ ქალთან ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ადვოკატის თანახმად, გოგი წულაია ძალადობის ჩადენის ფაქტს უარყოფს.