ვაქცინაციაზე აგრესიული კამპანია რისკებთან იყო დაკავშირებული - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში აგრესიული საინფორმაციო კამპანიის დაწყება გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული ზუსტი თარიღი, თუ როდის შემოვიდოდა ქვეყანაში ვაქცინა და რომელი ვაქცინა იქნებოდა პირველი.

„ჯანდაცვის სამინისტრო თუნდაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში არ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმსჯელობთ საბჭოს ფორმატში, საბჭოში ჩვენ გაგვაჩნია საერთაშორისო პარტნიორების გუნდი, ასევე საერთაშორისო კომპანია, რომელიც კონკრეტულ მითითებებს გვაძლევს, თუ როგორი უნდა იყოს სტრატეგიული კამპანია.

ჩვენ ვთვლით, რომ მაშინ, როდესაც არ იყო გარკვეული ზუსტი თარიღი, როდის იქნებოდა ვაქცინა და ასევე ჩვენთვის არ იყო ცნობილი, რომელი ვაქცინა იქნებოდა პირველი, ეს გარკვეულწილად იყო მაღალ რისკენბთან დაკავშირებული. თუ ჩვენ გავმართავდით აგრესიულ კამპანიას, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ დავლოდებოდით პროცესების განვითარებას, რომელიც საქართველოზე არ არის დამოკიდებული და გლობალურად არის გარკვეული შეფერხებები მოწოდებაში და სწორედ ამის შემდეგ დაწყებულიყო ის მითითებული კამპანია, რომელიც ასევე შეთანხმებული იქნებოდა კონკრეტულად იმ მწარმოებლებთან, რომლის ვაქცინებიც დღეს საქართველოში ადგილზეა“,- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, არ შიშობენ, რომ ვაქცინის არსებული დოზების ათვისება ვერ მოხდება. მთავრობისა და მისი პირადი სტრატეგიაა, რომ პირადად გაეცნობა რეგიონების დონეზე ვაცინაციის მიმდინარეობის პროცესს, რათა საბჭოს ფორმატში იმსჯელონ მიზეზშედეგობრიობაზე.

მისივე თქმით, ხვალ დაგეგმილია მისი ვიზიტი გურიასა და აჭარაში, ასევე საბჭოს წევრების მხრიდან იქნება აქტიური კომუნიკაცია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა შემოიტანეს.

25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.