მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომ მზად არის შარლ მიშელის შემოთავაზებულ საბოლოო დოკუმენტზე ხელმოსაწერად.
„ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით,” – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის დისტანციური მონაწილეობით ოპოზიციასა და ელჩებს (კარლ ჰარცელი, კელი დეგნანი) შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომელზეც მიშელმა განახლებული დოკუმენტი წარმოადგინა.
ამ დოკუმენტს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ხელს აწერს. მზადყოფნა უკვე განაცხადეს „ლელომ” და „სტრატეგია აღმაშენებელმა”. მზადყოფნას გამოთქვამენ „რესპუბლიკელებიც”, ხოლო „გირჩმა” დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი გუშინვე ამბობდა, რომ მისი პარტია დოკუმენტს, დიდი ალბათობით ხელს არ მოაწერდა, თუმცა სხვაგვარად ფიქრობს პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი. ჯერჯერობით, პოზიცია არ გამოუხატავთ „ლეიბორისტებს”.