მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ, ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან განცხადებას ავრცელებს:

„მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება:

რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია!

ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დიაწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული “თავისუფლების” შედეგი რა იქნება – შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები.

და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება.

მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა.

„ოცნებამ” კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება”. – აცხადებს მელია.


გუშინ ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის დისტანციური მონაწილეობით ოპოზიციასა და ელჩებს (კარლ ჰარცელი, კელი დეგნანი) შორის მოლაპარაკება გაიმართა, სადაც მიშელმა განახლებული დოკუმენტი წარმოადგინა.

ამ დოკუმენტს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ხელს აწერს. მზაობა უკვე განაცხადეს „ლელომ” და „სტრატეგია აღმაშენებელმა”. მზადყოფნას გამოთქვამენ „რესპუბლიკელებიც”, ხოლო „გირჩმა” დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი გუშინვე ამბობდა, რომ მისი პარტია დოკუმენტს, დიდი ალბათობით ხელს არ მოაწერდა. განსხვავებულად ფიქრობს პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი. ჯერჯერობით პოზიცია არ დაუფიქსირებიათ „ლეიბორისტებს”.