„კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებმა – ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) განცხადებით, საჩივარი მოამზადა დავით ჯანდიერმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ილიჩოვასა და მელაშვილის ინტერესებს წარმოადგენს.
საჩივარი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით და ეხება ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მათ დაკავებას.
„საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე. საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე“, – ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ივერი მელაშვილის ინტერესებს იცავენ გიორგი მშვენიერაძე და ედუარდ მარიკაშვილი, ხოლო ნატალია ილიჩოვას – ნესტან ლონდარიძე, სულხან კომახიძე და გიორგი მახარაძე.
„კარტოგრაფების საქმეში“ პოლიტიკურ მოტივზე საუბრობდა სახალხო დამცველიც, რომელმაც საქმის შესწავლის შემდეგ, თავისი მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართა.
„სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდის მთავარ განსახილველ საკითხად იქცა. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, პოლიტიკური საბჭოს წევრები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები და სხვები არჩევნებამდე დარჩენილი 1 თვის განმავლობაში პერმანენტულად იყენებდნენ მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდების საქმეს პოლიტიკურ ოპონენტთა კრიტიკისთვის“, – ვკითხულობთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.