სასამართლო გოგი წულაიას საქმეზე პოლიტიკური პარტიების განცხადებას პასუხობს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლო გოგი წულაიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

„მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს დეზინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისკენ.

სქესობრივი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი) დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის სასამართლომ ბრალდებულების  მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ  გასულ წლებში პატიმრობა გამოიყენა.

მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში აღნიშნული მოსაზრება, რომ მოცემული  სახის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის აღკვეთი ღონისძიების მკაცრი ფორმა – პატიმრობა არასდროს გამოყენებულა.

2019-2021 წლებში  აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა 7 შუამდგომლობა, საიდანაც  მოსამართლის განჩინების საფუძველზე  6 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ  გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმდა  საპროცესო შეთანხმება,  სადაც ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, “- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია რომ „გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.”

ამ განცხადებას ინდივიდუალურად გაემიჯნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. ასევე, პოლიტიკური პარტია „ლელო“, რომელიც განცხადების პირველ ვერსიაში ხელმომწერად იყო მითითებული. განცხადებას გაემიჯნა ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქალი პოლიტიკოსები თეონა აქუბარდია და თეონა ჭალიძე.