საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელეს“ მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელეს“ მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა.
საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა ორმა პირმა დაარღვია საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყო მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს.
პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.