ჯარისკაცების პირადი ღირსების შელახვის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო.

აღნიშნულით მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

დიმიტრი დევდარიანის ადვოკატი მისი 5 000-ლარიანი გირაოს, გიორგი ბიჩელაშვილის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, საგამოძიებო დეპარტამენტმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.