„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 21 აპრილს პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლში ცვლილებს ითვალისწინებს. ცვლილება ეხება 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებს.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციებზე მოქალაქეებს ხშირად სწორედ ამ მუხლებით აკავებენ.
ცვლილებები წვრილმანი ხულიგნობის მუხლში
არსებული კანონმდებლობით, წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი) იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტის თანახმად, ამ მუხლს ემატება მეორე ნაწილიც, რომელიც ითვალისწინებს: წვრილმან ხულიგნობაზე ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის განმეორებით დარღვევა გამოიწვევს გაზრდილი თანხით დაჯარიმებას – 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. კანონპროექტში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ ამ ნაწილზე არ გავრცელდება კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება (რაც სიტყვიერ შენიშვნას გულისხმობს).
ცვლილებები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლში
არსებული კანონით (173-ე) პოლიციის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტის თანახმად, იზრდება ჯარიმის ოდენობა და ასევე შემოდის პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე. კერძოდ:
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ხოლო, განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტში შენიშვნის სახით აქაც აღნიშნულია, რომ მეორე ნაწილზე არ გავრცელდება კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება (რაც სიტყვიერ შენიშვნას გულისხმობს).
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.