თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. სასამართლოში მივიდა მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“.
მისი თქმით, მას არ სჯერა ჟურნალისტის მონათხრობის და მოითხოვს ბრალდებულების გამოშვებას.
„ბრალდება შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ, სანამ განაჩენი არ გამოვა, ესენი არ არიან მოძალადეები. მე ველოდები გამოძიებას და სანამ გამოძიება არ დასრულდება, არ შეიძლება ადამიანს ეძახო მოძალადე. რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოში.
ეს არის მსუბუქი მუხლი და ასეთ მუხლებზე გადაწყვეტილებას გარეთ ელოდებიან ადამიანები … არ იყო ეს ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, არ მჯერა მე ვახო სანაიასი და თქვენ რატომ გჯერათ?
თქვენ არ ძალადობთ ახლა ჩემზე? თქვენ ძალადობთ თუ არა ჩემზე? ასეთი ფორმით კითხვების დასმა არის ძალადობა“, – მიმართა მან ჟურნალისტებს.
გუშინ მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლებმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ და ვატო შაქარაშვილმა სპეციალურ ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, აქვთ 2 000 ადამიანზე მეტის ხელმოწერა და ჟურნალისტის თავდასხმაში ბრალდებულებს თავდებში დაუდგებიან.
„სამი დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტრონული დოკუმენტი და უკვე 2000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს ბიჭები უნდა დავიცვათ პოლიტმედია ტერორისგან“, – განაცხადა გუშინ ვატო შაქარაშვილმა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი სასამართლომ 15 აპრილს პატიმრობაში დატოვა.
როგორც დაზარალებულის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებისგან მომდინარე საფრთხეები კვლავ ძალაში რჩებოდა და ამიტომ, მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრათ.
გამოძიების ვერსიით, ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი ვახო სანაიას მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. მათ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. პროკურატურის თქმით, ვაჟა გიგაური სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სულიკო საყევარიშვილმა ძალადობა განახორციელა ვახო სანაიას თანმხლების მიმართ.
პროკურატურამ აღნიშნულ პირებს ბრალდება ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის მუხლებით წარუდგინა.
სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.