ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულების – გიორგი სახელაშვილისა და სულიკო საყევარაშვილის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს და 2 300 ხელმოწერა წარმოადგინეს.
მოსამართლე, გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღეს საქალაქო სასამართლოში მივიდა მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“. მან სასამართლოში ხელმოწერები მიიტანა. ის ამბობს, რომ არ სჯერა ბრალდებულების დანაშაულის და ხელმომწერებთან ერთად მათ თავდებში უდგება.
ჟურნალისტი ვახო სანაია დღევანდელ პროცესს არ დაესწრება. მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ განაცხადა, რომ „უცნობი“ და გოგა ხაინდრავა ხელისუფლების დაქირავებული ადამიანები არიან და ფონს ქმნიან ბრალდებულების გასათავისუფლებლად.
გამოძიების ვერსიით, ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი ვახო სანაიას მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. მათ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. პროკურატურის თქმით, ვაჟა გიგაური სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სულიკო საყევარიშვილმა ძალადობა განახორციელა ვახო სანაიას თანმხლების მიმართ.