მარნეულის მერიასთან პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა იყო

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო მარნეულის მერიასთან, სადაც შეხლა-შემოხლა იყო სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის. როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, ისინი მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

აქცია მარნეულში სიმონ მუმლაძის მხარდასაჭერად გაიმართა. მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელმა საწარმომ სიმონ მუმლაძეს ხელშეკრულება 26 აპრილის შემდგომ აღარ გაუგრძელა. სიმონ მუმლაძე აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმაა. გიორგი მუმლაძე მისი ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. შპს მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს 100%-ის მფლობელი მარნეულის მუნიციპალიტეტია.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ მისი ძმა, სიმონ მუმლაძე, მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოდან მისი აქტივობის გამო გაანთავისუფლეს.

„მოვედით მერიასთან იმისთვის, რომ შევხვედროდით მერის მოვალეობის შემსრულებელს, რადგან [სამოქალაქო აქტივისტის] გიორგი მუმლაძის ძმა აიპიდან გაათავისუფლეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. ყველანაირი განმარტების გარეშე მას შეუწყვიტეს ხელშეკრულება და ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია გიორგის აქტიურობიდან გამომდინარე. ეს არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ რეპრესიის ერთ-ერთი მაგალითი“, – აღნიშნა ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ „ფორმულასთან“ საუბრისას.

აქტივისტის განცხადებით, დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა გიორგი მუმლაძე და მასთან ერთად კიდევ 5 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. როგორც მილორავა აღნიშნავს, აქტივისტებმა გზის ნაწილი გადაკეტეს. მათ სამართალდამცელებს მისცეს ნახევარი საათი იმისთვის, რომ დაკავებულები გაათავისუფლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ“.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მარნეულის მერიასთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 6 აქტივისტია დაკავებული.