გირაოზე ნიკა მელიას თანხმობა საჭირო არ არის - ადვოკატი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია, რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში მისმა უფლებადამცველებმა მოინახულეს.

შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ განიხილეს სხვადასხვა საკითხი. რაც შეეხება გირაოზე თანხმობას, ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, ამაზე მელიას თანხმობა საჭირო არ არის.

„რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას თანხმობა, საერთოდ, არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა, სასამართლო და ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას, მიმართოს სასამართლოს, გირაო მოითხოვონ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია. აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა გირაოზე, ნებისმიერ დროს შეუძლია პროკურატურას სასამართლოს მიმართოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომათა დარბაზიდან“, – თქვა მან.

მისი განმარტებით, გირაოზე ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივადაა საჭირო, ისევე, როგორც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით მელიას სურვილი გავლენას ვერ მოახდენს კანონის მიღებაზე.

„ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელისუფლების ხელში. ისევე, როგორც მისი დაპატიმრება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მისი გათავისუფლება პოლიტიკური პატიმრობიდან არის ხელისუფლების ხელში. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას ციხეში ყოფნა პრობლემაა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნა, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისი პატიმრობა გაახანგრძლივონ და ისრები მასზე გადმოიტანონ. ცდილობდნენ, საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ გასაღები ნიკა მელიას ხელში იყო, მაგრამ 13 აპრილს, როცა პროცესი ჩატარდა, პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა“, – განაცხადა კონდახიშვილმა.

პროკურატურა ყველა ჯერზე აცხადებს, რომ თუ ნიკა მელია და დაცვის მხარე გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო და გადაიხადოს თანხა, მაშინ პროკურატურა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლებს პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით.

გასულ კვირას, ნიკა მელიასთან შეხვედრიდან გამოსულმა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ნიკა მელია მზადაა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს, სანაცვლოდ კი მოითხოვს, ამნისტიის კანონის მიღება გაიწვიონ დღის წესრიგიდან.

ამასთანავე, დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას გირაოზე დათანხმების გარდა, სხვა სვლა აღარ დარჩა.