მოვითხოვთ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე პარლამენტში კომისიის შექმნას - მშვენიერაძე

პუბლიკა

ე.წ. დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ მოითხოვენ, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა და მასში არანაკლებ ნახევარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უნდა იყვნენ.

შესაბამისად, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით, ვითხოვთ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ოპოზიციას, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში და რომელიც დიდი ალბათობით ასევე შევა, შეუძლია ამ კომისიის შექმნა და საზოგადოებისთვის ღიად, პირდაპირ ეთერში ჩვენება, რა ხდება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან – დღემდე.

ამ გზით პასუხი გაეცემა ყველა კითხვას და საზოგადოებაც კარგად დაინახავს, ვინ იბრძვის და იბრძოდა საქართველოსთვის და ვინ პირიქით, ვინ არის მართლა პატრიოტი და ვინ მოღალატე.

ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის იმ მორალური ტერორის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანს დღეს უწყობენ. ზოგს იმიტომ, რომ თავად არის ამ ტერორის უნებლიე მონაწილე და ზოგს იმიტომ, რომ საკუთარი დუმილით უშვებს ამ ტერორს. ხოლო, ამ სიბინძურის ავტორებს, არაფრის არ შერცხვებათ, რადგან მათ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ. ამიტომ, მათთვის იარსებებს მხოლოდ ერთი პასუხი – კანონი“, – წერს მშვენიერაძე.