მსჯავრდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა, – განუცხადა ჟურნალისტებს პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
„ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვისაუბრეთ ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხებსა და დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად მაშფოთებს, რადგან რეალურად რაც ვნახე, მას არ აქვს პროგრესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ეს ინფორმაცია მაქვს მისი მკურნალი ექიმისგანაც. ფაქტია, რომ მკურნალობა, რომელსაც დღეს უწევენ, შესაბამის შედეგს ვერ აღწევს. შემიძლია ვთქვა, რომ არ არის ადეკვატური. როგორც თავად აცხადებს, მისთვის ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი ჯანმრთელობაა და ის, რომ მიეცეს საშუალება, მიიღოს ადეკვატური მკურნალობა“. – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ დამატებით იფიქრებს სახალხო დამცველის მხრიდან შესაძლო რეკომენდაციაზე.
„გადავადება იქნება, თუ სხვა რამე, ამაზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ. მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, იმას რომ მას ნამდვილად სჭირდება სამედიცინო დახმარება და ფაქტია, რომ ის, რასაც დღეს უწევენ, პროგრესს ვერ აღწევს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. მისი შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს საქართველოს საპატრიარქომ 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ მიმართა.
ყოფილ დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.