საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას უფლებადამცველის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

„იწყება არსებითი სასამართლო სხდომა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოვიკვლიოთ. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩვენთვის არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი მოწმეების მოყვანას აპირებს ბრალდების მხარე, მიუხედავად იმისა, რომ წინასასამართლო პროცესზე ამის შესახებ შევთანხმდით და, რა თქმა უნდა, დაცვის მხარეს უნდა მოგვეცეს ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ სათანადოდ მოვემზადოთ ჩვენი დაცვის სტრატეგიის მოსამზადებლად და ჯვარედინი დაკითხვის მოსამზადებლად.

ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეები არიან ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, 90%, რომლებიც აძლევენ ჩვენებას მათ მიერ მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული პროცესიდან მოსამართლის შეურაცხყოფის გამო გაძევებულია.

ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას აღკვეთის ღონისძიება მას შემდეგ შეუცვალა, რაც 40-ათასლარიანი გირაო ევროკავშირმა გადაიხადა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით.