აქტივისტები ამბობენ, რომ ლგბტქ სამკლაურის გამო აქციაზე ფალავანდიშვილი დაუპირისპირდათ

პუბლიკა

რესპუბლიკის მოედანზე „რიონის ხეობის მცველების“ აქცია ცოტა ხნის წინ ორმა სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა და სალომე ბარკერმა დატოვეს. სალომე ბარკერი ამბობს, რომ აქციაზე მყოფმა გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მას ლგბტქ სიმბოლიკის ხელსახვევის მოხსნა და აქციის დატოვება მოსთხოვა.

„მოვედი მხარდასაჭერად, იმიტომ, რომ 12 საათზე ჰქონდათ გამოცხადებული, რომ რაღაცას აპირებდნენ და მოვედი იმიტომ, რომ ვმდგარიყავი მათ გვერდით. ჩემთვის წყნარად ვიდექი ნახევარი საათი და მერე მოვიდა გურამ ფალავანდიშვილის შვილი, რომელმაც მითხრა, რომ ეს (ხელსახვევი) მოვიხსნა. მე ვუთხარი, რომ არ მოვიხსნიდი“, – ამბობს ბარკერი.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ესენი იყვნენ რიონის ხეობის მცველები, ძირითადად ვინც აქტიურობდა ამ დაპირისპირების კერის გასააქტიურებლად იყო უმცროსი ფალავანდიშვილი და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ თუ რამე არ სჭირდება ამ აქციას ეს დაპირისპირებაა, აქ ხალხის გაერთიანებაა საჭირო, ამის დეესკალაციის მიზნით, გავდივართ ჩვენთვითონ. არ მინდა ახლა ნავთი მივასხა… ამ სამკლაურის გამო, რომელიც სამი წელია სალომეს უკეთია, უთხრეს რომ ეს იყო პროვოკაცია“,- ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

აქტივისტებმა აქცია დატოვეს, მათი განმარტებით „სიტუაციის განმუხტვის“ მიზნით.