ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები გაფრინდაშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს მიმართავენ

პუბლიკა

საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და საპარლამენტო ასამბლეას, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავენ დ მოუწოდებენ, გამოიყენონ ყველა პოლიტიკური ბერკეტი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის პოლიტიკური და სამართლებრივი რეგულირების რესურსის არარსებობა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მძიმედ აისახება უშუალოდ კონფლიქტისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებების მდგომარეობაზე. სიტუაციის სიმძიმეს ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობა და სისუსტე ოკუპირებულ რეგიონებში.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ერთობლივ მიართვაში მოუწოდებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასადამიანის უფლებათა კომისარს, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, მათი მანდატების ფარგლებში:

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ან მინისტრთა კომიტეტისთვის განსახილველად წარადგინონ ანგარიში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;
  • წარუდგინონ რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციას, როგორც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის მქონე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას და მოუწოდონ გადაადგილების თავისუფლების დაუყოვნებლივი აღდგენისკენ;
  • გამოიყენონ ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გასათავისუფლებად;
  • ჰუმანიტარული მიზნებით, ხელი შეუწყონ პაციენტების დროულ გადმოყვანას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით;
  • განიხილონ ადამიანის უფლებების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის გზები;
  • გამოაგზავნონ მონიტორინგის მისია საქართველოში სიტუაციის უკეთ შესასწავლად.
  • უზრუნველყონ რეგულარული ვიზიტები ცხინვალის ციხეში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე მიმართავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შექმნილი კრიზისის დაძლევისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საჭირო ქმედითი საერთაშორისო ღონისძიებების გატარების მიზნით.

მიმართვას ხელს აწერენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR);

Freedom Now

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

კავშირი საფარი;

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;

საქართველოს დემოკტრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)