ადამიანურად, ჩემთვის გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწყვეტილება - მდინარაძე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

პუბლიკა

„ადამიანურად, ჩემთვის და ყველა ჩემი თანაგუნდელისათვის დარწმუნებული ვარ, გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწყვეტილება“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

მდინარაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო „დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი“.

მისივე განმარტებით, ბუნებრივია, პარტიაში ამ ცვლილების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები, რაც წესდებით არის დადგენილი. მდინარაძე ამბობს, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„სამთავრობო გუნდში ცვლილებებთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი მსგავსი არ იგეგმება იმიტომ, რომ პარტიულ ცვლილებებზეა საუბარი და ბატონი ბიძინას გადაწყვეტილბა ბუნებრივია, პარტიულ სტრუქტურაზე, თანამდებობაზე იმოქმედებს. გადანაცვლებები იქნება და ამას საბოლოო ჯამში ყრილობა გადაწყვეტს, სამთავრობო გუნდს ეს, ბუნებრივია, არ შეეხება“, – განაცხადა მდინარაძემ.