ადვოკატი: თუ დენის კულანინის რუსეთში ექსტრადაცია მოხდება, მას შეიძლება სერიოზული საფრთხე დაემუქროს

პუბლიკა
content image

დენის კულანინი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა, ამჟამად მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

კულანინი რუსეთის მოქალაქეა და ის, შესაძლოა, ქვეყნიდან გააძევონ.

მისი ადვოკატი, დიმიტი ნოზაძე აცხადებს, რომ დენის კულანინი არავის დაკავშირებია და ინფორმაციას ვერც საჯარო უწყებებში ამოწმებს. ადვოკატი ამბობს, რომ თუკი კულანინის რუსეთში ექსტრადაცია მოხდება, მას შეიძლება სერიოზული საფრთხე დაემუქროს.

„შსს-ს ჩემთვის არაფერი უთქვამს. დღეს გავიგე მეც რომ შეწყალებულთა შორის არის დენის კულანინი. ვრეკავთ მთელი დღეა, როგორც მიგრაციის დეპარტამენტში, ასევე პენიტენციურში, მაგრამ არავინ გვპასუხობს. […]

თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ ნებისმიერი პოსტი იქნება თუ განცხადება, რომელიც იქნება რუსეთის მხილება ომში ან უკრაინის მხარდაჭერა, როგორ ისჯება რუსეთში. დენისმა ციხიდან რამდენიმე წერილი გამოაგზავნა, სადაც აქტიურად უჭერს უკრაინას მხარს და გმობს რუსეთის ქმედებებს. შესაბამისად, თუ მისი ექსტრადაცია მოხდება რუსეთში, მას სერიოზული საფრთხე შეიძლება დაემუქროს”, – ამბობს ადვოკატი TV პირველთან.

ადვოკატი აპირებს დაუკავშირდეს სახალხო დამცველის აპარატსაც დახმარების თხოვნით.

დენის კულანინი 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს – მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კულანინი დანაშაულს აღიარებდა. მან წინასასამართლო პროცესზე ბოდიში მოიხადა ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის.

ამონარიდი დენის კულანინის ერთ-ერთი წერილიდან:

„მნიშვნელობა არ აქვს, ქართველი ხარ, უკრაინელი თუ რუსი, ჩვენ ყველას თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება. ტოტალიტარიზმის, ავტორიტარიზმისა და დიქტატორების გარეშე. ვისაც ეს არ უნდა, ამ წერილს არც წაიკითხავს. მე ჩემიანებს მოგმართავთ.

საქართველოს თავისუფლებას ვუსურვებ! არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა. უკრაინას – დიდება და მშვიდობა! რუსეთს – თავისუფლება პუტინის რეჟიმისგან“.


27 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.