ადვოკატისადმი ძალადობის და მუქარისთვის ბრალი წარუდგინეს 2 პირს, მათგან 1 - არასრულწლოვანია 

პუბლიკა

პროკურატურამ ადვოკატის მიმართ მუქარისა და ძალადობის საქმეზე ორ ადამიანს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატის მიმართ ფიზიკურად იძალადა, მათ შორის არასრულწლოვანი ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ხოლო არასრულწლოვანს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მუქარა და ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით) წარედგინათ.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით.