ლაიფციგის აეროპორტზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გერმანია რუსეთის მხრიდან დივერსიებთან ბრძოლაში ძალისხმევას აძლიერებს და შემდგომი თავდასხმებისგან დასაცავად დამცავი ფარის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა გამოცემა BILD-თან ისაუბრა.
„რუსეთის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების გამოყენებით აეროპორტებზე ჰიბრიდული თავდასხმები, ჩვენს ქალაქებში აგენტების მოქმედება, ჩვენს ქსელებზე კიბერთავდასხმები და ჩვენი ინფრასტრუქტურის საბოტაჟი ყოველდღიური რეალობაა. ეს თავდასხმები გაიზრდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავი დავიცვათ და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ” – განაცხადა ალექსანდერ დობრინდტმა.
BILD-ის მიერ სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების გეგმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, ითვალისწინებს აეროპორტებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დრონებისგან დაცვის გაძლიერებას, კომპანიებისთვის დრონების წინააღმდეგ მოქმედების უფლების მიცემას, ხელოვნური ინტელექტისა და სახის ამომცნობი სისტემების უფრო ფართოდ გამოყენებას საეჭვო პირებისა და საფრთხეების გამოსავლენად, ასევე კიბერთავდასხმებისგან დაცვის ეროვნული სისტემის – „კიბერდომის“ შექმნას.
ფედერალური პოლიციის მობილური ანტიდრონული თავდაცვის დანაყოფის გაფართოება:
ახალი, სწრაფი რეაგირების მობილური დანაყოფები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ვერტმფრენებითა და სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით, განთავსდება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქებში: ფრანკფურტში მაინზე, მიუნხენში, ჰამბურგში, ბერლინში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, ლაიფციგში, ჰანოვერსა და კიოლნში.
მათი მიზანი იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურებისა და ბერლინის სამთავრობო რაიონის თავზე საჰაერო სივრცის დრონებისგან დაცვა.
ეს მოიცავს არა მხოლოდ დრონების შეჩერებასა და განეიტრალებას, არამედ დრონებზე დამაგრებული ბომბებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფასაც.
კომპანიებისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭება:
მომავალში დრონების წინააღმდეგ თავდაცვა მხოლოდ ფედერალური პოლიციისა და სხვა სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა აღარ უნდა იყოს. კრიტიკული ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედ კომპანიებს, მათ შორის, წყლის მომარაგების, ელექტროენერგიისა და თავდაცვის სფეროს კომპანიებს უნდა მიეცეთ სამართლებრივი უფლებამოსილება არა მხოლოდ დრონების აღმოსაჩენად, არამედ მათ წინააღმდეგ აქტიური თავდაცვის ზომების მისაღებადაც.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება:
თავდასხმების მომზადებაში ჩართული მკვლელების ან ჯაშუშების გამოვლენის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილი ტექნოლოგიების, ბიომეტრიული სახის ამოცნობისა და ვიდეოსისტემების გამოყენება გაფართოვდება, მათ შორის, რკინიგზის სადგურებში. ხელოვნურ ინტელექტს ავტომატურად უნდა შეეძლოს იარაღისა და საეჭვო ქცევის ამოცნობა.
ახალი „კიბერდომი“:
სახელმწიფო უწყებებსა და კომპანიებზე ყოველდღიურად განხორციელებული ასობით კიბერთავდასხმის ფონზე, უნდა შეიქმნას ეროვნული დამცავი ფარი – „კიბერდომი“. ეს იქნება ციფრული სენსორების მჭიდროდ დაკავშირებული ქსელი, რომელიც ჰაკერული თავდასხმების გამოვლენასა და მათ აღკვეთას უზრუნველყოფს.
ლაიფციგის აეროპორტზე შეტევა 4-5 აგვისტოს ღამეს განხორციელდა. აეროპორტის ტერიტორიაზე, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს, აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი. თუმცა დეტონატორი არ ამოქმედებულა და აფეთქებაც არ მოჰყოლია. გერმანიის მთავრობამ 1 სექტემბერს განაცხადა, რომ გამოძიების საფუძველზე თავდასხმაზე პასუხისმგებლად რუსეთს მიიჩნევდა.