AfD-ის ყოფილი წევრი, ჩეჩნური წარმოშობის კადიროვთან დაკავშირებული პირი ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე გამოჩნდა

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

ჩეჩნური წარმოშობის მურად დადაევმა, რომელიც ნოა კრიგერის სახელითაა ცნობილი, Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეოები და პოსტები, რომლებშიც ამბობს, რომ ის უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. ვიდეოებისა და მათი აღწერების მიხედვით, იგი ღიად გამოხატავს მხარდაჭერას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ და დასავლეთს აკრიტიკებს.

კრიგერმა გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინის დონეცკის ოლქში, ავდიივკასა და ოკუპირებულ ბახმუტშია გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ მას ხელში უჭირავს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და აცვია ჯავშანჟილეტი, რომელზეც დატანილია წარწერა: „ჩვენ რუსები ვართ, ღმერთი ჩვენთანაა“. მან გამოიყენა რუსული სიტყვა „Русские“, რაც ეთნიკურ რუსებს აღნიშნავს და არა მეორე მსგავსი სიტყვას („Россияне“), რომელიც რუსეთის მოქალაქეობას გულისხმობს.

ერთ-ერთი პოსტის აღწერაში კრიგერი წერს:

„ჩვენი მცდარი პოლიტიკა [გერმანიაში] ანადგურებს ჩვენსავე გერმანულ ფასეულობებს. მე უკრაინაში ვარ, რუსეთის მხარეს, დასავლური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც მშვიდობის განადგურება სურს. გერმანია ყველაფერზე მაღლა“.

მიუხედავად ამისა, მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და არც ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე ყოფნის კონკრეტული მიზანი განუმარტავს.

კრიგერი წარსულში დაკავშირებული იყო ულტრამემარჯვენე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). თავის ვიდეოებში ის იყენებდა სიტყვას „Kamerad“ (ამხანაგი), რომელიც ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის (NSDAP) წევრებთან ასოცირდება, და ნაცისტურ ლოზუნგებს: „Gott mit uns“ („ღმერთი ჩვენთანაა“) და „Deutschland über alles“ („გერმანია ყველაფერზე მაღლა“).

ის ასევე იმყოფებოდა ჩეჩნეთში, სადაც საჯაროდ გამოჩნდა რეგიონის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად. ერთ-ერთ ღონისძიებაზე მან ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერს, ახმედ დუდაევს, სვასტიკით გაფორმებული ხანჯალი გადასცა.

ამ ვიზიტის შემდეგ AfD-მ მისი გარიცხვის პროცედურა დაიწყო. მოგვიანებით მან გერმანია დატოვა და გროზნოში დაბრუნდა. პარტიის ქვემო საქსონიის რეგიონულმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ გარიცხვის პროცესი მართლაც იყო დაწყებული, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

დამოუკიდებელი ჟურნალისტების გამოძიებები მიუთითებენ მის კავშირებზე ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებთან და პირებთან, რომლებიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უახლოეს გარემოცვასთან არიან ასოცირებულნი.

ჰანოვერში, ნაქირავებ ვილაში, საიდანაც ის 2025 წლის ოქტომბერში ქირის დიდი დავალიანების გამო გამოასახლეს, მასპინძლობდა კადიროვთან დაკავშირებულ რამდენიმე ფიგურას. გერმანული მედიის ცნობით, AfD-ის ყოფილი წევრის წინააღმდეგ გამოძიება ასევე მიმდინარეობს ქუჩის არალეგალურ რბოლებთან დაკავშირებითაც. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ავტობანზე მანქანას საათში 370 კილომეტრზე მეტი სიჩქარით მართავს.

ევროკავშირში გახმაურებულ დანაშაულს კრიგერის ოჯახიც უკავშირდება. 2011 წელს ვენაში მის ძმას, სულეიმან (მუსლიმ) დადაევს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო უმარ ისრაილოვის მკვლელობაში თანამონაწილეობის გამო. ისრაილოვი რამზან კადიროვის ყოფილი მცველი და ჩეჩნეთის ხელისუფლების ცნობილი კრიტიკოსი იყო.

ავსტრიული გამოძიების დასკვნით, მკვლელობის ორგანიზატორი თავად რამზან კადიროვი იყო. თუმცა, სულეიმან დადაევს სასჯელი სრულად არ მოუხდია – 2022 წლის 24 თებერვალს, იმ დღეს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ის რუსეთში დაბრუნდა.

კრიგერს ადრე არაერთხელ განუცხადებია, რომ ძმასთან კავშირი არ აქვს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.