აღსრულების ბიურო გადახდისუუნარობის პროცესში ჩართული აღარ იქნება – წულუკიანი

პუბლიკა

თეა წულუკიანის თქმით, პარლამენტში დღეს გაიგზავნება სრულიად ახალი კანონის პროექტი, რომელიც ჩაანაცვლებს ჩვენს ქვეყანაში მოქმედ გადახდისუნარობის შესახებ კანონმდებლობას, რომელიც, როგორც წულუკიანი განმარტავს, სალაპარაკო ენაზე გაკოტრების შესახებ კანონმდებლობით არის ცნობილი.

ახალი კანონის სახელწოდებაა რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს  კანონი.

წულუკიანის თქმით, კანონს ათობით თანმდევი პროექტი ახლავს და ამ რეფორმის მთავარი მიზანია ეკონომიკურად ჯანსაღი ნორმების შექმნა საიმისოდ, რომ პრობლემების წინაშე მდგარი კომპანიისთვის შესაძლებელი იყოს რეაბილიტაციის პროცესი.

„პრობლემების წინაშე აღმოჩენილი კომპანიისთვის შესაძლებელი უნდა იყოს რეაბილიტაციის პროცესი და მიზანი კანონის უნდა იყოს არა გაკოტრება და კომპანიის დაღუპვა, არამედ გადარჩენა და სირთულეების პროცესში როგორც მოვალის ინტერესების, ისე დასაქმებული პირების უფლებების უკეთ დაცვა და რაც მთავარია კრედიტორთა უფლებების დაცულობა.“ – განაცხადა მთავარობის სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამ კანონპროექტში ბევრი ნოვაციაა და ის სასამართლოს მიღმა პროცედურებსაც ითვალისწინებს.

„მანამ საქმე მივა გადახდისუუნარობამდე, მაგალითად, რეგულირებული შეთანხმების ინსტიტუტი შემოდის. თუ სასამართლოში მივა საქმე, სასამართლოს უფლებამოსილებაა, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ცნოს ან არ ცნოს დასაშვებად და დასაშვებობის შემთხვევაში, გახსნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამ კანონპროექტში ორი რევოლუციური ნოვაციაა, რასაც იუსტიციის სამინისტროს ფინანსთა სამინისტროსთან მრავალთვიანი მოლაპარაკება დასჭირდა.

„ახალი კანონის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ იქნება  გადახდისუუნარობის პროცესში ჩართული და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ პროცესს მმართველობას სასამართლო პროცედურის ფარგლებში გაუწევენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კომპრომისს –შემოსავლების სამსახური გახდება არა უპირველესი კრედიტორთა შორის, არამედ ერთ-ერთი რიგითი კრედიტორი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.