აია სოფიაში მუსლიმური მსახურება გაიმართა

ია კელერმანი

დღეს მეჩეთად გადაკეთების შემდეგ პირველად აია სოფიაში პარასკევის ტრადიციული მუსლიმური ლოცვა გაიმართა.

პარასკევის ტრადიციულ ლოცვას ესწრებოდა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვართა უკმაყოფილების მიუხედავად, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილებას 10 ივლისს მოაწერა ხელი. ერდოღანმა პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე ყურანიდან ნაწყვეტები წაიკითხა.

თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს პარასკევ დღის ლოცვა.

CNN-ის ცნობით, მომლოცველები სტამბოლის გარე დასახლებიდანაც მიდიოდნენ და მთელი ღამე გაათენეს. პანდემიის გამო, მეჩეთში ხუთასმა ადამიანმა შეძლო შესვლა, ხოლო ათასზე მეტი ლოცვას ბაღიდან და სტამბოლის ძველი ქუჩიდან ადევნებდა თვალს, – აცხადებს თურქეთის რელიგიური გაერთიანების დირექტორი ალი ერბასი.

ტაძარში მუსლიმური მსახურების დროს თეთრი ფარდით დაფარეს ქრისტიანული ფრესკები, მათ შორის, ღვთისმშობლის  უძველესი ფრესკაც.


10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია სოფიას საკითხზე იმსჯელა და გააუქმა 1934 წელს მიღებული გადაწყვეტილება, აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ.

აია სოფია მეჩეთი იყო 1935 წლამდე, თუმცა მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, მას სტატუსი შეუცვალეს და მუზეუმად გადაკეთდა.

LB loan image desktop LB loan image mobile