ახალგორელ მოსწავლეებს და სკოლის პერსონალს ქართულად საუბარი ეკრძალებათ - DRI

პუბლიკა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.

მათვე ცნობით, ბოლო პერიოდში ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არიან: ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორმა გათავისუფლებამდე შენიშვნა მიიღო დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამო. დირექტორი გააფრთხილეს, რომ ბავშვებმა შესვენებაზეც კი არ უნდა ისაუბრონ ქართულად იმ ბავშვებთან, რომელთა კლასებიც ჯერ ისევ ქართულ ენაზე სწავლობენ. კითხვის ნიშნებს ბადებს ამავე პერიოდში მეორე ქართული სკოლის დირექტორის – მზია ფსუტურის გათავისუფლებაც. თუმცა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აღნიშნულ გათავისუფლებებს ნინო ამირანაშვილთან დაკავშირებით წეროვნიდან გადმოსული მოსწავლეების საჭირო დოკუმენტაციის გარეშე გაფორმებას, ხოლო მზია ფსუტურის შემთხვევაში, „პედაგოგიური განათლების უქონლობას“ უკავშირებენ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის შესახებ საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და უზრუნველყოს აღნიშნული საკითხის განხილვა როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ამასთანავე, გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.