„ახალი დაამზადეთ" - პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს გულსაბნევის გამო შენიშვნა მისცა

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილმა დღეს ანა ნაცვლიშვილს შენიშვნა მისცა გულსაბნევის გამო, რომელზეც ევროკავშირის და საქართველოს დროშებია გამოსახული.

პაპუაშვილის თქმით, ნაცვლიშვილი არღვევს „ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტს”, რადგან გულსაბნევზე, რომელიც მას უკეთია ჯერ ევროკავშირის დროშაა გამოსახული, შემდეგ კი საქართველოსი.

პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს უთხრა, რომ მისმა პარტიამ ახალი გულსაბნევები უნდა დაამზადოს.

„ქალბატონო ანა, შეგატყვეთ, რომ გულსაბნევი გაქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშით. მესმის, რომ, როგორც ჩანს, სადღაც გაჩუქეს ეს გულსაბნევი. თუმცა, მე მგონი, თქვენს პარტიას არ გაუჭირდება დაამზადოს სხვა სახის გულსაბნევი, ვინაიდან თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი გულისხმობს, რომ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ, ნებისმიერი სხვა დროშა. ამიტომ თქვენს გულსაბნევზე თქვენგან მარჯვნივ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ, ევროკავშირის დროშა. ამიტომ გთხოვთ, და იქნებ, თქვენს პარტიაში შეძლოთ, რომ ასეთი სახის გულსაბნევები დაამზადოთ“, – მიმართა პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს.

პაპუაშვილს „ოცნების” დეპუტატებმა ტაში დაუკრეს.

სანამ პარლამენტის თავმდჯომარე ანა ნაცვლიშვილს შენიშვნას მისცემდა, მანამდე ოპოზიციონერი დეპუტატი რუსულ კანონსა და დეოლიგარქიზაციაზე საუბრობდა.

პაპუაშვილმა პარლამენტში გუშინ შენიშვნა „მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსაც მისცა. მას ჩაცმულობისთვის.