ახალი შემთხვევებიდან ერთს სამსახურებრივი შეხება ჰქონდა უცხოელებთან - ეზუგბაია

პუბლიკა

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიასთვისაა ცნობილი, დღეს დადასტურებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთის ისტორია  მოგზაურობას არ უკავშირდება და მას სამსახურებრივად ჰქონდა შეხება უცხოელებთან.

ეზუგბაიას ინფიცირების ზუსტ წყაროზე ინფორმაცია არ აქვს. ის ამბობს, რომ წყარო კვლევაშია და ამას აუცილებლად მოგვახსენებენ.

იმყოფებოდა თუ არა პაციენტი თვითიზოლაციაში  – ამ კითხვაზე ეზუგბაია ამბობს, რომ ქალბატონი ავადმყოფობდა და ამის გამო ბინაზე იმყოფებოდა, „და თუ ამას ჩავთვლით თვითიზოლაციად, მაშინ კი, ბატონო”.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 85 გახდა, აქამდე ცნობილ შემთხვევებს 2 ახალი შემთხვევა დაემატა.

ამავე მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში – 4641, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 მოქალაქეა მოთავსებული.