ახლა უკვე პრობლემაა კორონავირუსის დიაგნოსტიკის ალგორითმის ეფექტური შესრულება - ბუწაშვილი

პუბლიკა

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის ახალ ალგორითმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა პრობლემა აღნიშნული ალგორითმის აღსრულებას უკავშირდება.

„დღევანდელი ალგორითმი საკმარისია, მთავარია ამის შესრულება იყოს ეფექტური. ახლა უკვე ეს არის პრობლემა. თუ ყველას, ვინც ამ ალგორითმში წერია, ჩაუტარდა კვლევა  და არ დავიწყეთ გაფილტვრა – კარგი იქნება. გაფილტვრის ნიშნები არის. თუ ეს არ მოხდა აღნიშნული ალგორითმი სრულიად ეფექტურია“.

მისი თქმით, ამ ალგორითმის გაფართოებაზე საუბარი ალბათ გულისხმობს ზოგადი პოპულაციის გაფართოებულ სკრინინგზე საუბარს, რაც დღეს საქართველოსთვის ფუფუნებაა და ამის აუცილებლობა დღეს ქვეყანაში არაა. მან არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მთავარია, მოქმედი ალგორითმი განხორციელდეს ეფექტურად და ყველა ის რისკჯგუფი გაიტესტოს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტშია ჩამოთვლილი.

„თუ იქ რაც წერია, იმ კრიტერიუმების მიხედვით ეფექტურად მოხდება ტესტირება იქნება კარგი. მაგრამ აქაც პრობლემებია, ვგულისხმობ იმას, რომ სიმპტომებიანების ბოლომდე ტესტირება არ ხდება. ხშირად ექიმები ეუბნებიან, რომ ეს სეზონურ ვირუსს ჰგავს და მოდი, არ გინდა ტესტირება“,  – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

მისი თქმით, ეს მოცემულობა შესაძლოა ტესტებზე ხელმისაწვდომობით იყოს განპირობებული, თუმცა ინფექციონისტი ექიმების მომზადებასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მათ სჭირდებათ ტრენინგი, რომ ალგორითმის ეფექტური შესრულება შეძლონ.

„ხელმომჭირნეობის თემაც არის და ასევე ექიმებისთვის არის ახალი თემა და ინსტრუქტაჟი. მეტი სჭირდებათ, რომ არ გამორჩეთ ადამიანები“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

მისი თქმით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს მობილიზება რესურსების რომ ტესტირება ჩაუტარდეს მსუბუქსიმპტომებიან ადამიანებს, ანუ იმ პირებს, რომლებიც სახლში არიან და შესაძლოა, ჩივილებს მიაწერენ სეზონურ ვირუსს ან სხვა რესპირაციულ ინფექციებს.

„ვფიქრობ,  უნდა მოხდეს რესურსების მაქსიმალურად მობილიზება, რომ თუნდაც მსუბუქსიმპტომიანი პაციენტები გამოკვლელულ იქნან. ეს ის ხალხია, რომლებშიც მაღალი ალბათობით შეიძლება იყოს ვირუსი.  კატეგორია, ვისაც არავითარი სიმპტომი არ აქვს, ნაკლებია. ყველაზე დიდი სეგმენტი არის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები და ამ სეგმენტის გამოკვლევაა საჭირო“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

[irp posts=”25755″ name=”მედპერსონალი, სასულიერო პირები, თავდაცვის ძალები – ვის ჩაუტარდება პერიოდული ტესტირება კორონავირუსზე”]