ალბანეთი და ჩრდილო მაკედონია ევროკავშირში გაწევრების პროცესს იწყებენ

პუბლიკა

გაყინული მოლაპარაკებების შემდეგ ალბანეთი და ჩრდილო მაკედონია ევროკავშირში გაწევრების პროცესს იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა ავრცელებს. ჩეხეთი, როტაციული წესით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

„ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირთან დაახლოებისაკენ. ეს ჩვენი პრეზიდენტობის დიდი წარმატებაა“, – წერს პეტრ ფიალა.

ფიალას თქმით, ის ალბანეთისა და ჩრდილო მაკედონიის ლიდერებს დღეს შეხვდება, რომ მომდევნო ნაბიჯები განიხილონ.

ფიალამ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც, რომელიც ჩეხეთის პრეზიდენტობამდე ლიდერობდა ევროკავშირს. სწორედ საფრანგეთის ძალისხმევით მოხერხდა ბულგარეთსა და ჩრდილო მაკედონიას შორის მოლაპარაკების დაწყება.

ჩრდილო მაკედონიასთან გაწევრების პროცესის დაწყებას ბულგარეთი ბლოკავდა, ორ ქვეყანას შორის არსებული გარკვეული უთანხმოებების გამო. გაწევრებაზე მოლაპარაკებები 2020 წლის შემდეგ გაყინული იყო, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროკავშირში პოლიტიკური პროცესების დაჩქარებას შეუწყო ხელი.