ამერიკელებმა ანტიტერორისტული ოპერაციისას „ალ-კაიდას“ ლიდერი მოკლეს

პუბლიკა

„ალ-კაიდას“ ლიდერი, 71 წლის ამინ ალ-ზავაჰირი ავღანეთში, ქაბულში მოკლეს. შეერთებულმა შტატებმა ანტიტერორისტული ოპერაცია ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მეშვეობით დაგეგმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან პირადად გასცა ბრძანება ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ლიკვიდაციაზე წერტილოვანი დარტყმით. ბაიდენის თქმით, ალ-ზავაჰირი ქაბულის ცენტრში, ერთ-ერთ სახლში იმალებოდა. აშშ-ის დაზვერვის მეშვეობით დადგინდა მისი ადგილმდებარეობა და სახლზე, რომელშიც იმალებოდა უპილოტო საფრენი აპარატიდან „ჰელფაიერის“ 2 რაკეტით მიიტანეს იერიში.

ოპერაციის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა „თალიბანმაც“ და აშშ „დოჰას შეთანხმების“ დარღვევაში დაადანაშაულა. ავღანეთის მმართველმა დაჯგუფებამ ალ-ზავაჰირის ოჯახის წევრები „უსაფრთხო სახლში“ გადაიყვანა. იმ სახლზე კი, რომელშიც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი იმყოფებოდა, წვდომა შეზღუდეს და გამოძიება დაიწყეს. „თალიბანის“ პრესსპიკერის თქმით, მათი გამოძიებაც ადასტურებს, რომ თავდასხმა ამერიკული დრონის მეშვეობით მოხდა.

ამინ ალ-ზავაჰირი „ალ-კაიდას“ ლიდერი და გავლენიანი პერსონა იყო. ის ორგანიზაციას ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. ალ-ზავაჰირი ბინ ლადენის პირადი ექიმი და მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე იყო. ბაიდენის განცხადებით, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი წლების განმავლობაში ამერიკისა და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ ტერაქტებისა. მათ შორის, ალ-ზავაჰირი იყო 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ამინ ალ-ზავაჰირს აშშ წლების განმავლობაში ეძებდა, მისი ხელში ჩაგდებისთვის 25 მილიონი დოლარიც იყო დაწესებული.

„სამართალი აღსრულდა და ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი მკვდარია. მსოფლიოს გარშემო ხალხს აღარ უნდა ეშინოდეს ამ ბოროტი მკვლელის“, – თქვა ბაიდენმა.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დაიკავებს ალ-ზავაჰირის ადგილს. „ალ-კაიდას“ N2 პერსონა, საიფ ალ ადელი გაეროს გაეროს ანგარიშების მიხედვით, ირანში იმყოფება.