ამირან გამყრელიძის განმარტება სწრაფ ტესტებზე

პუბლიკა

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში სწრაფი ტესტების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ტარდება ე.წ. ოქროს სტანდარტით. ეს არის ე.წ. მოლეკულური კვლევა, რომელიც ტარდება ლუგარსა და კიდევ 4 ლაბორატორიაში.

„ეს არის ყველაზე ზუსტი ტესტი, რომელიც იძლევა პასუხს 98-99% სარწმუნოობით და, რაც მთავარია, ძალიან ადრეულ ეტაპზე ინფექციის დაწყებიდან და თუ ის დადებითია, 98-99% შეგიძლიათ, თქვათ, რომ ადამიანი ინფიცირებულია. თუ უარყოფითია, შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ ეტაპზე არ არის ინფიცირებული, მაგრამ შეიძლება გახდეს 4-5-6 დღის შემდეგ. აი, ამ ტესტებით დღეს ტარდება ტესტირება და ქვეყანაში ჩატარებულია 1400-მდე ტესტი. თუ ვინმეს სჭირდება და სჭირდებოდა ტესტი იმ განსაზღვრებით, რაც დადგენილია ქვეყანაში, ყველას უტარდება ეს ტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, გამყრელიძის განმარტებით, არის ორგვარი:

ერთი არის – ანტიგენზე ანუ ვირუსზე დამყარებული ტესტები, რომელიც სწრაფად აღმოაჩენს ვირუსს ცხვირ-ხახის ნაცხში, 15 წუთში იძლევა პასუხს, მაგრამ მისი სარწმუნოება არ სცილდება 80-85%-ს.

მეორე არის – ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები, სადაც სისხლის წვეთს აწვეთებთ და ის გაძლევთ ორი ტიპის პასუხს – ან გაქვს მწვავე რეაქცია, რომელიც ჩნდება სისხლში ინფიცირებიდან მე-5, მე-7 დღეს, ჩნდება ანტისხეული, რომელიც გეუბნება, რომ თქვენ გადატანილი გაქვთ ინფექცია.

„როცა დაიწყო ჩინეთში, ჯერ გაკეთდა ყველაზე ე.წ. ოქროს სტანდარტის ტესტები. შემდგომ უკვე იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ამ სწრაფ ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების გაკეთება, შემდეგ – უკვე ანტიგენზე. ამას, ძირითადად, აწარმოებს დღეს ჩინეთი და კორეა. კორეაში 300-350 ათას ადამიანამდეა სწრაფი ტესტებით გატესტილი. გერმანიაში, სადაც 82 მილიონია მოსახლეობა, აქ გატესტილია სწრაფი ტესტებით 250 000-მდე ადამიანი“, – განმარტავს გამყრელიძე.

მისივე თქმით, სამინისტროს შეკვეთილი აქვს ტესტები, მოლაპარაკება მიდის სახელმწიფო დონეზე და ამ კვირაში შემოვა საქართველოში, სახელმწიფოს თავისი განრიგი აქვს და ტესტს ყველას გაუკეთებენ, ვისაც ეს სჭირდება.

“არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ბატონი გიორგი ვაშაძე ნიჭიერი ახალგაზრდა პოლიტიკოსია, მომწონს ხანდახან მისი გამოსვლები, რიტორიკა, კარგად მსჯელობს, მაგრამ ის, ბოდიშით და რაც მისი საქმე არაა, იმაში მოდით ჭკუას ნუ გვასწავლის. სწრაფი ტესტები ახლა ხდება მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი”, — თქვა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, გიორგი ვაშაძემ, პირდაპირ ეთერში, მისი თქმით, კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტი გაიკეთა. ვაშაძე საქართველოს მთავრობას სთხოვს, რომ ეს ტესტები ქვეყანაში ჩამოიტანოს, რათა ყველას შემოწმება მოხერხდეს.