ამხელა ომშია ქვეყანა და ლიდერები უცბად იცლიან საქრთველოზე 7 ენაზე „დატვიტვისთვის“ - კობახიძე

პუბლიკა

„როცა ვსაუბრობთ გარკვეული ნაბიჯების ალოგიკურობაზე, წარმოიდგინეთ, ამხელა ომის მდგომარეობაშია ქვეყანა და ამ ქვეყნის ლიდერები უცბად იცლიან 7 ენაზე დატვიტვისთვის საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის უკან არის პლუს ალოგიკურობა. ბელარუსს რომ არ უპირისპირდები ასეთი ზომით და არ გამოიწვევ ელჩს და საქართველოსთან მიმართებაში აკეთებ, ალოგიკურობაზეც ზედმეტია საუბარი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, სადაც უკრაინის ელჩის გაწვევის ალოგიკურობაზე საუბრობდა.

მან საუბრისას განმარტა, რომ გუშინდელ ბრიფინგზე გამოსვლისას კრიმინალებში დავით არახამია არ მოუხსენებია და საუბარი ჰქონდა „ადეიშვილსა და სხვებზე.“

კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კოორდინირებით აშკარაა მცდელობა, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ.  აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია კი საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ:

„რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები“, – განაცხადა კობახიძემ.