ამნისტიის კანონით გათავისუფლდება ნიკა მელია და ენმ შემოუერთდება დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში - სამადაშვილი

პუბლიკა

„პარლამენტში ის ადამიანები, ვინც დღეს ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, მივლენ ამნისტიის კანონის მხარდასაჭერად. ამ კანონით მივიღებთ ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას და ამის შემდეგ როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოუერთდება დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში, – ამის შესახებ ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო. „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების ტექსტზე ხელმოწერას მანამ არ აპირებს, სანამ ნიკა მელია საპატიმროშია.

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დღეს მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, ამ შეთანხმებას აქვს პირობები, ეს პირობები უნდა შესრულდეს. ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო პროცესი და ნაციონალური მოძრაობა, მე რამდენადაც მესმის, სრული დეპუტაციით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა სამადაშვილმა.


ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო სამადაშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და არ ასახავდა „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო პოზიციას. მინაშვილისვე თქმით, სალომე სამადაშვილმა დოკუმენტის ხელმოწერა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა.