„ამოიღეთ შეთანხმების დოკუმენტიდან 20 ივნისის შესახებ ამნისტიის პუნქტი“ | მოძრაობა „შეცვალეს“ პეტიცია

პუბლიკა

„არ შეეხოს ამნისტია 19-21 ივნისის დანაშაულებში მონაწილე პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს“, – ამ მოთხოვნით მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები პეტიციას პლატფორმა Manifest.ge-ზე აქვეყნებენ.

„მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მათთვის თვალებში დამიზნებით მსროლელი და ამის ბრძანების გამცებებს შორის ტოლობის დასმა ნიშნავს მწვანე შუქის ანთებას მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისთვის და ანტისაოკუპაციო აქციის უდანაშაულო მონაწილეების ჯერ დამნაშვეებად შერაცხვასა და შემდეგ შეწყალებას“,  – ვკითხულობთ პეტიციის აღწერაში.

პეტიციის ავტორები მოუწოდებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ შეთანხმებიდან აღნიშნული პუნქტი ამოიღონ.

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდა და ამავე მოთხოვნით მიმართვა შეიტანა.

მისი თქმით, სამართლებრივადაც და პოლიტიკურად გაუმართლებელია, ამნისტია შეეხოს მოძალადეებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის სანაცვლოდ.

„ჩვენი მოთხოვნაა, იპოვონ გზა საერთაშორისო პარტნიორებმა ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრთან ერთდ ისე, რომ ჩვენი უფლებები არ შეილახოს“, – ამბობს ის.

მისი თქმით, დოკუმენტს ხელს აწერენ მაკო გომური, გიორგი სულაშვილი, კობა ლეთოდიანი და სხვა დაშავებულები.