ამომრჩეველთა გულის მოსაგებად მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამები | ISFED-ის შეფასება

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის ცნობით, ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო.

ანგარიშის ერთ თავში საუბარია მთავრობის მიერ ინიცირებულ პროგრამებზე, რომელთაც ორგანიზაცია წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად ინიცირებულ პროგრამებს უწოდებს.

ISFED-ის ანგარიშში მოხვდა თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ათასამდე სამოქალაქო პირს, გორის სამხედრო ჰოსპიტალის
მიმართ, სამი წლისა და მეტი ვადით არსებული ხანდაზმული, 1 600 000 ლარის ოდენობის დავალიანება ჩამოეწერებათ;

ანგარიშში ასევე საუბარია „ქართული ოცნების“ წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, კობა ნაკაიძისა და დიმიტრი მხეიძის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონის პროექტზე, რომელიც ცვლილებების თვალისწინებს 3 კანონში: „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ.“

კერძოდ, „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2016 წლის 1 დეკემბრიდან – 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ჩაითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, რომლებიც, ზედმეტად გაცემული თანხების მიუხედავად, მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნებიან, მძიმე ტვირთად აწვებათ ამ თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, რაც ძირითადად სასამართლო წესით ხორციელდება. მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეღავათი შეეხება 3478 სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი საარსებო შემწეობის თანხის ოდენობა შეადგენს – დაახლოებით 658 512 ლარს, სოციალური პაკეტი უკან დასაბრუნებელი არ ექნება 230 ბენეფიციარს, თანხა კი შეადგენს 69 ათასამდე ლარს.

რაც შეეხება პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, პროექტის მიხედვით, განხორციელდება ზედმეტად გაცემული სახელმწიფო პენსიის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან პენსიის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან. არსებული მონაცემებით, შეღავათი შეეხება 1594 პენსიონერს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს – დაახლოებით 727 733 ლარს.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 დეკემბრიდან – 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული კომპენსაცია4 ჩაითვლება ლეგალიზებულად. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეღავათი შეეხება 178 კომპენსაციის მიმღებ პირს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს – დაახლოებით 85 883 ლარს.

ორგანიზაციის ცნობით, სამივე კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებლო წარმოების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების ამოღებასთან.


საერთო ჯამში, ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის  – 17 ფაქტი; წინასაარჩვნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 18;  ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის – 6;  მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის – 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.


ორგანიზაცია რიგი რეკომენდაციებით მიმართავს

ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას: 

  • ხელისუფლებამ დროულად და გამჭვირვალედ გამოიძოს პოლიტიკურ აქტივისტზე ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის შემთხვევები და უზრუნველყოს მსგავის ფაქტების პრევენცია;
  • სოციალური დახმარების პროგრამების დაგეგმვისას, ხელისუფლებამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული 2 თვიანი ვადა და, წინასაარჩევნო პერიოდში ამ პროგრამების გამოცხადებით, არ შექმნას ამომრჩევლის მოსყიდვის განცდა;
  • არ დაუშვან ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების გამოყენება პარტიისა და მისი კანდიდატის აგიტაციისთვის;
  • საჯარო მოხელეებმა, სამუშაო საათებში, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან;
  • წინასაარჩევნო პროცესების ობიექტურად გაშუქებისთვის, აუცილებელია მედიასაშუალებების დაცვა ზეწოლა/მუქარისაგან და მსგავსი ფაქტების დროულად და გამჭვირვალედ გამოძიება.

პოლიტიკურ პარტიებს:

  • პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;
  • მაჟორიტარობის ოფიციალურად დასახელებულმა, ასევე სავარაუდო კანდიდატებმა თავი შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან, რათა არ დაარღვიონ კანონმდებლობის მოთხოვნები და არ შექმნან ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე გავლენის განცდა;
  • მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან;
  • არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლა/მუქარის და ფიზიკური ძალადობის განხორციელება;
  • თავი შეიკავონ მედიასაშუალებებისთვის მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისგან.

რელიგიურ ორგანიზაციებს: 

  • სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.