„ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება, პირობა დავდე, რომ ჩემი მერობის პირობებში პარკებში არაფერი აშენდეს – კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ვარკეთილში მდებარე „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება და მის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობა სკვერს არ დააზიანებს.

მისივე თქმით, მას პირობა აქვს დადებული, რომ მისი მერობის პირობებში რეკრეაციულ სივრცეში, პარკსა და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება.

„არავის არაფერი დასაცავი არ აქვს. ბაღს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება და სანამ მე დედაქალაქის მერი ვარ, არც ერთ პარკს, არც ერთ სკვერს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ვერავინ ვერ გაბედავს სკვერებში, პარკებში მშენებლობების განხორციელებას და იგივე არის „ანას ბაღიც“. „ანას ბაღს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, დედაქალაქის მერია, მოვაწესრიგებთ, გავალამაზებთ, ახალ პროექტს გავაკეთებთ და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე“, – თქვა თბილისის მერმა.


თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღის“ დასაცავად ორ თვეზე მეტია, ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავს. ადგილობრივი მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივებს სკვერის მიმდებარე ტერიტორიასთან კარავიც გაშლილი აქვთ.

„ანას ბაღის“ დასაცავად გამართული აქციების ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ფხალაძე კი „პუბლიკასთან“ ამბობდა, რომ ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს დავა კომპანიასა და მერიასთან, 40 წელზე მეტია, გამოიყენება სხვადასხვა აქტივობისთვის, ის იყო უსაფრთხო ტერიტორია ბავშვებისთვის, სადაც ველოსიპედებითა და გორგოლაჭებით გადაადგილდებოდნენ.

ფხალაძე ასევე აღნიშნავდა, რომ ახლა მშენებლობა უშუალოდ სკვერის ტერიტორიაზე არაა დაგეგმილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლის შედეგად დათმო კომპანიამ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკვერის მომიჯნავედ კორპუსის მშენებლობა საფრთხეს არ შეუქმნის სკვერს.

„მშენებლობა მიმდინარეობს „ანას ბაღის“ მომიჯნავედ. დასაწყისში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოჭრას, ბევრი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ეს ტერიტორია. სწორედ მაგიტომ ჰქვია მოძრაობას „ანას ბაღის გადასარჩენად“. ახლა რეალურად ვიბრძვით ეზოსთვის, იმ ძირითადი ეზოსთვის, რომლითაც ვსარგებლობდით.

რაც შეეხება საკითხს, ემუქრება თუ არა საფრთხე კონკრეტულად „ანას ბაღს“, 2017 წელს ჩვენ მივმართეთ „სითი ინსტიტუტს“, რომელიც მუშაობდა განახლებული თბილისის გენერალურ გეგმაზე. ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და ვკითხეთ, ემუქრებოდა თუ საფრთხე ამ პატარა სკვერს მშენებლობის შემთხვევაში. მათ მოგვწერეს წერილი, რომ სკვერს ემუქრებოდა საფრთხე, დგებოდა საშიშროება იმისა, რომ ჩაიკეტებოდა სივრცე. ასევე, მათი თქმით, ინსოლაციისა და აირაციის პრობლემა შეიქმნებოდა და შესაბამისად, მერიის მხრიდან განცხადებები, რომ „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება, არის ტყუილი“, – ამბობდა ფხალაძე „პუბლიკასთან“.