„ანას ბაღთან“ მომხდარი დაპირისპირების ფაქტს, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, EMC ეხმაურება

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) „ანას ბაღთან“ მომხდარ დაპირისპირებას აფასებს.

როგორც EMC-ში ამბობენ, რამდენიმე წელია, ვარკეთილის მოსახლეობა საკუთარი ძალისხმევით მოწყობილი „ანას ბაღის“ შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას უპირისპირდება, რომელიც სკვერის მომიჯნავედ 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს და ბაღის, როგორც რეკრეაციისა და სოციალიზაციის ადგილობრივებისთვის ტრადიციულ და მნიშვნელოვან სივრცეს, ფუნქციის დაკარგვით ემუქრება. 20 იანვარს მშენებელ კომპანიასა და მოსახლეობას შორის მიმდინარე დაპირისპირება გამწვავდა. კომპანიის მიერ დაქირავებულმა კერძო დაცვის თანამშრომლებმა სამშენებლო ობიექტის შესასვლელთან ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პროტესტის ნიშნად გაშლილი კარავი დაანგრიეს და ბაღის ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის მობილიზება დაიწყეს.

მოსახლეობის განცხადებით, დაპირისპირების დროს, დაცვის თანამშრომლებმა  სცემეს საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, ადგილობრივების განცხადებით, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა, რომელიც ადგილზე იყო მობილიზებული, სწორედ დაპირისპირების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დროებით, დატოვა ადგილი, რაც, მათი აზრით, კერძო კომპანიასა და საპატრულო პოლიციის შეთანხმებულ მოქმედებაზე მიუთითებს.

EMC გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც მოსახლეობის სამართლიან პროტესტს უპირისპირდება და მიაჩნია, რომ ძალადობრივ დაპირისპირებამდე სიტუაცია შედეგია სწორედ მერიის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების, რომელმაც საჯარო ინტერესი კერძო ინტერესის სასარგებლოდ, კიდევ ერთხელ, დათმო.

„საჯარო ინტერესის გათვალისწინების გარეშე, საჯარო ინტერესის საზიანოდ მიღებული მორიგი გადაწყვეტილების შემდეგ, მერიამ მედიატორის როლი მოირგო და მოსახლეობა დეველოპერისა და მის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის პირისპირ დატოვა. სამშენებლო კომპანია დღეს თავისი ნებართვით მინიჭებული უფლებებით სარგებლობას იმ სივრცეში ცდილობს, სადაც მის გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობა მხარს არ უჭერდა – დეველოპერი ცდილობს, ისარგებლოს მშენებლობის ნებართვით, რომელიც მოსახლეობის ჩართულობის გარეშე, მათი გამოხატული ნების საპირისპიროდ გაიცა. ადგილობრივები დღეს ქუჩის პროტესტით აჟღერებენ თავის პოზიციას და ამით ერთვებიან პროცესში, რომელშიც მათი ჩართულობა წლების განმავლობაში მერიას უნდა უზრუნველეყო“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

EMC მოუწოდებს:

ქალაქ თბილისის მერიას:

  • გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი და მოლაპარაკების ყველა რესურსი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის და ძალადობრივი დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ეფექტიანად გამოიძიოს ვარკეთილში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა;

თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღის“ დასაცავად ორ თვეზე მეტია, ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავს. ადგილობრივი მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივებს სკვერის მიმდებარე ტერიტორიასთან კარავიც გაშლილი აქვთ.

„ანას ბაღის“ დასაცავად გამართული აქციების ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ფხალაძე კი „პუბლიკასთან“ ამბობდა, რომ ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს დავა კომპანიასა და მერიასთან, 40 წელზე მეტია, გამოიყენება სხვადასხვა აქტივობისთვის, ის იყო უსაფრთხო ტერიტორია ბავშვებისთვის, სადაც ველოსიპედებითა და გორგოლაჭებით გადაადგილდებოდნენ.

ფხალაძე ასევე აღნიშნავდა, რომ ახლა მშენებლობა უშუალოდ სკვერის ტერიტორიაზე არაა დაგეგმილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლის შედეგად დათმო კომპანიამ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკვერის მომიჯნავედ კორპუსის მშენებლობა საფრთხეს არ შეუქმნის სკვერს.

„მშენებლობა მიმდინარეობს „ანას ბაღის“ მომიჯნავედ. დასაწყისში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოჭრას, ბევრი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ეს ტერიტორია. სწორედ მაგიტომ ჰქვია მოძრაობას „ანას ბაღის გადასარჩენად“. ახლა რეალურად ვიბრძვით ეზოსთვის, იმ ძირითადი ეზოსთვის, რომლითაც ვსარგებლობდით.

რაც შეეხება საკითხს, ემუქრება თუ არა საფრთხე კონკრეტულად „ანას ბაღს“, 2017 წელს ჩვენ მივმართეთ „სითი ინსტიტუტს“, რომელიც მუშაობდა განახლებული თბილისის გენერალურ გეგმაზე. ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და ვკითხეთ, ემუქრებოდა თუ საფრთხე ამ პატარა სკვერს მშენებლობის შემთხვევაში. მათ მოგვწერეს წერილი, რომ სკვერს ემუქრებოდა საფრთხე, დგებოდა საშიშროება იმისა, რომ ჩაიკეტებოდა სივრცე. ასევე, მათი თქმით, ინსოლაციისა და აირაციის პრობლემა შეიქმნებოდა და შესაბამისად, მერიის მხრიდან განცხადებები, რომ „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება, არის ტყუილი“, – ამბობდა ფხალაძე „პუბლიკასთან“.

LB loan image desktop LB loan image mobile