თურქეთში ანტისამთავრობო აქციები სტამბოლის მერის დაკავებიდან მე-6 დღესაც გაგრძელდა – როგორც AP News წერს, სამშაბათს მასობრივი საპროტესტო მსვლელობები გამართეს სტუდენტებმა, რომლებმაც უნივერსიტეტის კამპუსები დაიკავეს და ბოიკოტი გამოუცხადეს ლექციებს.
მათივე ცნობით, სტამბოლში ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარკში, რის შემდეგაც ისინი მსვლელობით იმ ტერიტორიისკენ დაიძრნენ, სადაც ექრემ იმამოღლუა დაკავებული.
საპროტესტო აქციების მასშტაბების ზრდის პარალელურად, თურქეთის ხელისუფლება აძლიერებს ზეწოლას მედიაზე – როგორც სამოქალაქო ორგანიზაციამ, „მედიისა და სამართლის კვლევების ასოციაციამ” განაცხადა, აქციების გაშუქების გამო დაკავებულ 11 ჟურნალისტს შეკრებისა და დემონსტრაციების კანონის დარღვევას ედავებიან.
მედია წერს, რომ სამშაბათ საღამოს მონაცემებით, პატიმრობა შეეფარდა 172 ადამიანს და 7 ჟურნალისტს. მედიასააგენტო AFP წერს, რომ წინასწარ პატიმრობაში დატოვეს მათი ფოტოგრაფიც. სააგენტოს ხელმძღვანელმა თურქეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც თავიანთი ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ ის საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
„მისი პატიმრობა მიუღებელია. ამიტომ გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერიოთ ამ პროცესში, რათა ჩვენი ჟურნალისტი სწრაფად გათავისუფლდეს“, – ნათქვამია წერილში.
ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გაიმართა თურქეთის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში. აქციებზე დემონსტრანტები ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ, მათ შორის მოითხოვდნენ ერდოღანის გადადგომას. სტამბოლში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოზგურ ოზელმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერმა მორიგი შეკრება შაბათს სტამბოლის სხვა ლოკაციაზე დააანონსა, თუმცა დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ყოველდღიურ პროტესტს მაინც გააგრძელებენ.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასული კვირიდან დღემდე 1 418 ადამიანია დაკავებული და მათგან 979 ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.