აპრილიდან ექიმები მედიკამენტების გამოწერისას კონკრეტულ ბრენდს ვერ მიუთითებენ - ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, აპრილიდან ექიმები მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერას შეძლებენ და კონკრეტულ დასახელებას ვერ მიუთითებენ. ეს ნიშნავს, რომ მათ ბრენდის დაკონკრეტება არ შეეძლებათ და პაციენტებს ექნებათ საშუალება თავად გადაწყვიტონ, რომელი მედიკამენტი იყიდონ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ექიმი ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აზარაშვილის თქმით, მედიკამენტების ბაზრის რეგულირება წლის ბოლომდე დასრულდება. მისი თქმით, ამისთვის, თავდაპირველად თურქეთის ბაზარი გაიხსნა. ასევე, 1 მარტიდან ელექტრონული რეცეპტების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა და სამინისტროს შეუძლია შეისწავლოს თუ რა მედიკემენტების გამოწერა და გაცემა ხდება. რაც უწყებას დაეხმარება იმის დადგენაში, ხომ არ ხდებ მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა.

„ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ. საბოლოოდ, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.