აქციაზე დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული 37 მოქალაქიდან 6 პირის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო, ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ესენი არიან: გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი.

„ასე მოვიგებთ ყველაფერს”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, პროცესი 20 ნოემბერს, პირველ საათზე განახლდება.

„ხვალ პირველზე აუცილებლად მოვალ და კიდევ ერთხელ, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას”, – განაცხადა მაქარაშვილმა.

დაკავებულთა ადვოკატის თქმით, ახლა ელოდებიან დანარჩენი დაკავებულების პროცესს.

ყველა დაკავებულის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს აწერია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე 37 პირი დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევას ედავებიან.