არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების - ზალკალიანი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე

პუბლიკა

„რეზოლუციის ტექსტში მთავარი პათოსია ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ომი“ , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ არის ნახსენები რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის სახელი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში.

„საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიყვანა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, სუვერენიტეტზე, ღია კარის პოლიტიკაზე, სუვერენულ უფლებაზე ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები – ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების – ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული.

მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მიგვეღო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ტერმინი ოკუპაცია და ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდა განსაზღვრული, როგორც ეფექტური კონტროლის გამტარებელი ოკუპანტი ქვეყანა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სტრასბურგში. ეს სტრასბურგის სასამართლოს სამართლებრივ გადაწყვეტილებაში არის და არა მხოლოდ პოლიტიკურში, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. ამ რეზოლუციის პათოსი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.