არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება - დუდა

პუბლიკა

კიევში ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. თავის მიმართვაში პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე.

„არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ შეიძლება რუსეთთან უკრაინა რიამე დათმობაზე წავიდეს და საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს უკრაინის მთლიანად დატოვება უნდა მოსთხოვოს.

„ისმის შემაშფოთებელი ხმები, რომ თითქოს უკრაინა პუტინის მოთხოვნებს უნდა დაჰყვეს. მხოლოდ უკრაინელებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი… არაფერი თქვენ შესახებ თქვენ გარეშე“, – მიმართა დუდამ უმაღლეს რადას.

მისი თქმით, დაუშვებელია, რომ უკრაინამ თუნდაც ერთი სანტიმეტრი დათმოს რუსეთთან ომში. „თუკი უკრაინა შეეწირება ეკონომიკური მიზეზებსა თუ ვინმეს პოლიტიკურ ამბიციებს – მისი ერთი სანტიმეტრიც კი – ეს იქნება დიდი დარტყმა არამხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მთელი დასავლური სამყაროსთვის“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის პირველი ლიდერია, ვინც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უმაღლესი რადას წინაშე ფიზიკურად წარსდგა. საკანონმდებლო ორგანოში მას დეპუტატები ტაშით შეეგებნენ.